აზერბაიჯანის ეკონომიკური რეალიები


                            

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“,  N 2 (218) 2018.   

ანოტაცია: სტატიაში განხილულია აზერბაიჯანის ეკონომიკური დინამიკა, დარგების განვითარება,  ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება  და მისი ურთიერთობა საგარეო სავაჭრო პარტნიორებთან.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის ზრდის ტემპი, აზერბაიჯანის გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგი, საგარეო ვალი, აჩგ, შაჰ-დენიზის და აბშერონის საბადოები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

პერსონალიები: ევლია ჩელები, ჰეიდარ ალიევი, ილჰამ ალიევი, ელმარ მამედიაროვი, სვანტე კორნელი, ძმები ნობელები, ელმან რუსტამოვი, რუფატ ყულიევი, ვუგარ ბაირამოვი, აღა-ქერიმ ჰაჯიევი, შაჰინ მუსტაფაევი.

ფაილის მოცულობა – 9 გვ.

            ევროკავშირისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მეთხუთმეტე სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე (9 თებ., 2018), რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უშიშროების პოლიტიკაში ფედერიკა მორგერინი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მორგერინის მიერ ითქვა, რომ ევროკავშირი არის აზერბაიჯანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. მორგერინიმ ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების წილი აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობაში შეადგენს 46, 5 %-ს.

            ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ეკონომიკის უმთავრესი დარგი იყო ნავთობმოპოვება და ნავთობგადამუშავება. აზერბაიჯანულ ნავთობზე წერდა თურქი მოგზაური ევლია ჩელები (1611 – 82). XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დამდეგის  ცნობილი აზერბაიჯანელი მენავთობეები იყვნენ შამსი ასადულაევი, მურთაზ მუხთაროვი,  აღა ნაგიევი და სხვ. მეფის რუსეთის დროს ნავთობის ბიზნესს ბაქოში ეწეოდნენ ძმები ნობელები და ძმები როტშილდები. სოციალისტური აზერბაიჯანის ეკონომიკა მთლიანად ორიენტირებული იყო საბჭოთა რუსეთზე.        გასული საუკუნის 70 – 80-იან წლებში ვითარდებოდა ტექსტილის წარმოება, ქიმიური მრეწველობა და მანქანათმშენებლობა. საბჭოთა იმპერიის დაშლამ, შემდეგ ყარაბაღის ომმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ დააქვეითა მთელი რიგი დარგები. საბჭოთა დროს კვალიფიცირებული სპეციალისტების უმეტესობას აზერბაიჯანში შეადგენდნენ რუსები და სომხები. 1988 წლიდან დაიწყო მათი წასვლა აზერბაიჯანიდან. თავად აზერბაიჯანელები 90-იან წლებში სამუშაოდ წავიდნენ რუსეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში. ისინი ან ვაჭრობის სფეროში საქმიანობდნენ, ან ნავთობისა და გაზის მომპოვებელ დარგებში პოულობდნენ სამუშაო ადგილებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით აზერბაიჯანის ეკონომიკის დაქვეითებამ 1991 – 95 წლებში შეადგინა 60 %. 1994 წლის მაისში დაიდო სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. 1996 წლიდან კი დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, რომელიც უწყვეტად გრძელდებოდა 12 წლის მანძილზე. ქვეყნის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის (1993 – 2003) დაბალანსებული პოლიტიკის შედეგად აზერბაიჯანმა დაძლია პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისის  შედეგები. ჰეიდარ ალიევის მიერ გატარებულმა  რეფორმებმა საფუძველი ჩაუყარა თანამდეროვე აზერბაიჯანის ეკონომიკას. მისი პრეზიდენტობის დროს დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამა სახელწოდებით „მეწარმეობის განვითარება აზერბაიჯანში (1993 – 95)“. აქედან იწყება ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირება. გაჩნდა მცირე და საშუალო მეწარმეთა კლასი. ფუნქციონირება დაიწყეს მსხვილმა კერძო საწარმოებმა.  ჰეიდარ ალიევის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაზე იყო ორიენტირებული. გამოცდილი პოლიტიკოსის გონივრულმა პოლიტიკამ  შესაძლებელი გახადა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესება ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალით.  პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავიდანვე კეთილმეზობლური ურთიერთობა და მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირები დამყარდა.                             

აზერბაიჯანი თავისი ეკონომიკური ზრდის ტემპებით მზარდი ეკონომიკების  რეიტინგში ლიდერის პოზიციებს იკავებდა. 2005 -07 წლებში აზერბაიჯანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებით რეიტინგებში პირველ ადგილზე იყო და დიდად უსწრებდა მეორე ადგილებზე მყოფ ქვეყნებს. მსოფლიო ბანკის (WB) თანახმად, აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდის ტემპმა 2005 წელს 26, 4 % შეადგინა, როცა სომხეთის ეკონომიკა 13, 9 %-ით, ხოლო საქართველოსი კი 9, 6 %-ით გაიზარდა. 2006  წელს აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდის ტემპმა 34, 5 %-ს მიაღწია.  2007 წელს ქვეყნის ბიუჯეტი ნავთობდოლარების წყალობით გაიზარდა  55, 3 %-ით. საბჭოთა იმპერიის შემადგენლობიდან გამოსული ამ სამხრეთკავკასიური ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე წერენ უცხოელი და აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები. მაგ., იხ. სვანტე კორნელის ცნობილი მონოგრაფია აზერბაიჯანზე:  Svante E. Cornell. Azerbaijan since Independence. 2011. იხ. ასევე რუფატ ყულიევის ნაშრომი: Руфат Атакиши оглы Кулиев. Переходнная экономика Азербайджана: некоторые аспекты развития. Баку. 2007  http://elibrary.bsu.az/books_90/N_71.pdf  . იხ. ასევე ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციის ცენტრის მიერ ვუსალ მუსაევის რედაქტორობით გამოცემული აზერბაიჯანის რეფორმების მიმოხილვა: Обзор экономических реформ Азербайджана, март 2017 (http://ereforms.org/store//media/ekspert_yazilari/islahat%20icmali/mart/strateji%20yol%20x%C9%99rit%C9%99si%20-ru.pdf ).

            აზერბაიჯანის ეკონომიკური სასწაული შეიძლება ეწოდოს  2002 – 06 წლების ძალზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებს, რითაც ამ ქვეყნის ეკონომიკა კონტრასტულად  გამოირჩეოდა  დსთ-ს ქვეყნების ეკონომიკებს შორის. შემდეგ დაიწყო ნავთობის ფასების ვარდნა და ეს ტრენდად იქცა მთელ მსოფლიოში. ნავთობის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკებისათვის  ნავთობსაბადოები აღარაა ზრდის დრაივერი. ასეა არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ ირანში, საუდის არაბეთში, რუსეთში, ვენესუელასა და სხვა უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში.  აზერბაიჯანისათვის ნავთობზე ფასების ვარდნა მოულოდნელი აღმოჩნდა.  ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ჰეიდარ ოღლი ალიევმა 2016 წლის დამდეგს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პოსტსანავთობო პერიოდის დადგომას ვარაუდობდა 2030 წლისათვის და რახან ეს პერიოდი უფრო ადრე დადგა,  ეს მოულოდნელი იყო ჩვენთვისო.    

            2018 წლის 10 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ილჰამ ალიევმა  განაცხადა, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის გამოთვლების თანახმად, მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით აზერბაიჯანი მსოფლიოში 39-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო დსთ-ში კი პირველ ადგილს იკავებს. ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ გასახარია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ასე პოზიტიურად აფასებენ აზერბაიჯანში არსებულ მაკროეკონომიკურ სიტუაციას.  აქვე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ირევანი (ასე უწოდა მან ერევანს) აზერბაიჯანის ისტორიული ქალაქია და ის მისცეს სომხეთს (https://news.day.az/politics/967059.html ).

            ორი წლის წინ, 2015 წლის იანვარში აზერბაიჯანის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის თავ-რემ, ეკონომისტმა ვუგარ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვები რვაჯერ აღემატება ქვეყნის საგარეო ვალს. მან თქვა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, ასევე დსთ-ს ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის საგარეო ვალი არ აჭარბებს  8 – 9 %-ს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ბაირამოვის თანახმად, სომხეთის საგარეო ვალი შეადგენს მისი მშპ-ს 60 %-ს, საქართველოს ვალი შეადგენს მისი მშპ-ს 50 %-ს, ხოლო ყაზახეთის ვალი შეადგენს მისი მშპ-ს 65 %-ს. ბაირამოვის აზრით, აზერბაიჯანს იოლად შეუძლია დაძლიოს ნავთობის ფასების ვარდნით წარმოქმნილი ახალი გამოწვევები.    

            სარეიტინგო სააგენტომ S & P-მა აზერბაიჯანის გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგი დაადგინა BB+ -ის დონეზე და რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“  „სტაბილურისაკენ“  შეცვალა. S & P-ის ცნობით აზრბაიჯანის ასეთ რეიტინგს უზრუნველყოფს ნავთობის სახელმწიფო ფონდის მიერ დაგროვილი ფინანსური რეზერვები. S & P-ის მიხედვით, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2018 წელს მიაღწევს 2, 7 %-ს, ხოლო 2019 -21 წლებში კი 3, 5 %-ს წელიწადში.   სარეიტინგო სააგენტოს Moody’s-ის პროგნოზის მიხედვით კი, აზერბაიჯანის  მთლიანი შიდა პროდუქტი 2018 წლისათვის გაიზრდება 1, 5 %-ით. ამ სააგენტოს თანახმად, ნავთობის ფასის შენარჩუნება 65 – 70 დოლარის დონეზე ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.  სარეიტინგო სააგენტოები ყოველთვის ითვალისწინებენ ნახშირწყალბადების (ნავთობი, გაზი) მოპოვების დიდ შესაძლებლობებს აზერბაიჯანში. ქვეყანა დიდ იმედებს ამყარებს კასპიის ზღვაში მდებარე სამ ნავთობსაბადოზე. ესაა აზერი, ჩირაღი და გიუნეშლი (აჩგ). 1994 წლის 20 სექტემბერს აზერბაიჯანის მთავრობამ 13 საერთაშორისო კომპანიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ამ საბადოების ექსპლუატაციის შესახებ. ეს იყო პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დიდი მიღწევა საგარეო პოლიტიკაში.  ამას ეწოდა საუკუნის კონტრაქტი. 20 სექტემბერი დაწესდა მენავთობის დღედ ქვეყანაში. იმავე წელს დაიდო შეთანხმება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  ნავთობსადენის გაყვანაზე. მისი მშენებლობა დაიწყო 2002 წელს. 2006 წელს გაიხსნა ეს 1773 კმ სიგრძის ნავთობგამტარი.

ნათიგ ალიევი თავის ნაშრომში (Натиг Ага Ами оглы Алиев. Нефть и нефтяной фактор в экономике Азербайджана в XXI веке. Баку. 2010.  ( http://anl.az/el_ru/a/an_neft.pdf ) აღნიშნავს, რომ ნახშირწყალბადების დიდი მარაგის გამო,  ასევე ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკის გავლენით, აზერბაიჯანი გადაიქცა ევროპისა და აზიის სტრატეგიული ინტერესების შეხვედრის ადგილად (стр. 108).  აზერბაიჯანის ფინანსური ლიკვიდობა დიდად განმტკიცდა მას შემდეგ, რაც მან მიიღო პირველი მოგება აჩგ-ს (აზერი, ჩირაღი, გიუნეშლი) საბადოებიდან. ნავთობდოლარებმა განამტკიცა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა 1996 – 2002 წლებში. ნახშირწყალბადის დიდი რაოდენობით ექსპორტირებამ  ხელი შეუწყო სამშენებლო ბიზნესის ბუმს აზერბაიჯანში. უცხოელი ინვესტორების დაინტერესება კი ამ ქვეყნით უფრო გაიზარდა.  ნავთობის ექსპორტისაგან მიღებული მილიარდობით შემოსავალი აზერბაიჯანს ნაკლებად დამოკიდებულს ხდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საკრედიტო ორგანიზაციებზე.  2008 წლის 1 იანვრისათვის აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა თანახმად, შეადგენდა $ 7, 4 მლრდ-ს. ამ დროისათვის აზერბაიჯანის საგარეო ვალი შეადგენდა მხოლოდ $ 2, 4 მლრდ-ს (284 დოლარი ქვეყნის ერთ მოსახლეზე. აზერბაიჯანის მოსახლეობამ გადააჭარბა 9 მლნ-ს). უცხოური საინფორმაციო წყაროების მიხედვით კი საგარეო ვალის გაცილებით დიდი ოდენობა სახელდება. ქვეყნის საბანკო სექტორი სულ უფრო ვითარდება და ძლიერდება. ასევე ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარიც, რომელიც წარმოდგენილია სახელმწიფო გრძელვადიანი და მოკლევადიანი ობლიგაციებით, აქციებით, ვექსელებით, კორპორატიული ობლიგაციებით.  ფინანსური სიძლიერე და ქვეყნის მზარდი ინტეგრაცია საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტრურებში  მეტ წონას სძენს აზერბაიჯანის განცხადებას, რომ მას სურს იყოს კავკასიის ლიდერი ქვეყანა. აზერბაიჯანის ცენრტალური ბანკის თავ-რემ ელმან რუსტამოვმა ამა წლის თებერვლის დამდეგს განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები საანგარიშო წელს გაიზარდა 34 %-ით და შეადგინა $ 5, 3 მლრდ  2018 წლის დასაწყისისათვის.  „ბრიტიშ პეტროლეუმის“ წარმომადგენლის თანახმად, აჩგ-ს ნავთობსაბადოსათვის განკუთვნილმა ინვესტიციებმა  2018 წლის თებერვლის შუისათვის შეადგინა $ 33 მლრდ. აზერბაიჯანმა კი ამ საბადოს ექსპლუატაციით მიიღო შემოსავალი $ 125 მლრდ-ის ოდენობით. 

2018 წლის იანვარში ქვეყანაში მოპოვებულია 3 360, 7 ათასი ტონა ნედლი ნავთობი გაზის კონდენსატის ჩათვლით. ამავე პერიოდში ქვეყანამ მოიპოვა 2 486, 6 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.  აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების  თანახმად, 2021 წლისათვის აზერბაიჯანი გეგმავს 46 მლრდ 711, 4 მლნ კუბომეტრი გაზის მოპოვებას. 2019 წლისათვის კი გაზის მოპოვება მიაღწევს 37 მლრდ 27, 7 მლნ კუბომეტრს. გაზი ძირითადად მოიპოვება შაჰ-დენიზის და აბშერონის საბადოებზე.  გამოითქმის სკეპტიკური აზრიც ექსპერტების მხრიდან, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ვერ მოახდენს გავლენას ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაზე და სამხრეთ კორიდორად (Southern  Gas Corridor) წოდებული პროექტი (სიგრძე 4 ათასი კმ.), რომელმაც გაზით უნდა მოამარაგოს სამხრეთ ევროპა, მთლად პერსპექტიული წამოწყება არაა და საკმაოდ ძვირი ჯდება. 2018 წლის 15 თებერვალს იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ივან სკალფაროტოსთან შეხვედრისას ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან მიწოდებული გაზისათვის იტალია გახდება ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი.

გაზთან დაკავშირებით ისიც უნდა ითქვას, რომ პოსტსანავთობო პერიოდში აზერბაიჯანი დიდ იმედს ამყარებს გაზის ექსპორტზე. გაზის უმსხვილესი საბადოს შაჰ-დენიზი -2-ის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება 2018 – 19 წლებისათვის. განზრახულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა უფრო ინტენსიურად იქნეს გამოყენებული ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და აზიის ქვეყნები აზერბაიჯანის  გავლით უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ევროპას. ქვეყნის მთავრობა შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რათა აზერბაიჯანი იქცეს საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორად.  ამა წლის 23 თებერვალს ილჰამ ალიევი შეხვდა კომპანია Boeing Commercial Airplanes-ის დელეგაციას. განიხილებოდა საავიაციო მიმოსვლის საკითხები.  

რამდენიმე წლის წინათ ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი სანახევრო წარმატებაა და საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიცირება. ილჰამ ალიევმა მოითხოვა მომზადდეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „აზერბაიჯანი – 2020:  მზერა მომავლისაკენ“. მანამდე, 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მრეწველობის განვითარებას ისახავს მიზნად 2015 – 20 წლებისათვის. იხ. ასევე: http://www.president.az/files/future_ru.pdf .  2016 წლის აპრილში ილჰამ ალიევმა შექმნა ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციის ანალიზის ცენტრი, სადაც მუშავდება ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირებისა და დივერსიფიცირების სტრატეგია.  აზერბაიჯანის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის თანახმად,  ქვეყნის სტრატეგიული სავალუტო რეზერვები დაგროვდა ნავთობზე მაღალი ფასების დროს და მან 2015 წლისთვის შეადგინა $ 50 მლრდ-ზე მეტი.  

სულდუზ სალიმოვი თავის მონოგრაფიაში (Сулдуз Салимов. Нефтегазовая промышленность – основа стратегии устоичивого развития Азербайджанской республики. Москва. 2015. http://economics.com.az/ru/images/fotos/jurnal/Sulduz_Salimov_neftegazovaya_promishlennost.pdf ) წერს, რომ „ქვეყნის ეკონომიკის ღერძი არის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპლექსი. მომპოვებელ დარგებში შრომობს ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 41, 1 % და იწარმოება მშპ-ს 41, 6 %. ამ დარგებში განთავსებულია მრეწველობის ძირითადი ფონდების 78, 5 %. ეს დარგები ქვეყნის ექსპორტის 92, 7 %-ს იძლევა“ (стр. 44).     

            აზერბაიჯანის მთავრობამ გაატარა რეფორმები მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში. ქვეყნის აგრარული სექტორი ვითარდება და მოიცავს მეჩაიეობას, მეფუტკრეობას, ბოსტნეულის მოყვანას, მეხილეობას და ა.შ. იგეგმება ბრინჯის ყანების ფართობის გაზრდა, რათა აზერბაიჯანმა საკუთარი წარმოების ბრინჯით უზრუნველყოს მოთხოვნილება ამ პროდუქტზე ქვეყნის ფარგლებში. საბჭოთა დროიდან აზერბაიჯანი კასპიის ზღვაში მისდევს ძვირფასი თევზის სახეობის, ზუთხის რეწვას და ამზადებს ზუთხის  ხიზილალას. აზერბაიჯანული მეხალიჩეობა ძველი დროიდანვე განთქმულია. 2018 წლის 21 თებერვალს ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ხალიჩების ქსოვისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ გობუსტანის რაიონში. კომპანია „აზერხალჩას“ გამოეყოფა 2 მლნ მანათი. ქვეყანაში იწარმოება საკმაოდ კონკურენტუნარიანი აბრეშუმი (ბარდა, შექი, შირვანი). სადღეისოდ საკმაოდ კარგად  ცნობილია აზერბაიჯანული ღვინოების მარკები – შამახა, აგდამი, მადრასა, ქიურდამირი, ბერეკარლა-კაგორი, ყარა-ჩანახი  და სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც ქვეყანა საკმაოდ დიდი ხანია აწარმოებს და საბჭოთა კავშირის დროს ამ ღვინოებს მიღებული ჰქონდა ოქროსა და ვერცხლის მედლები.  2015 წელს აგრარულმა სექტორმა ზრდის ტემპები აჩვენა. 2014 წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 7, 2 %-ით. ძირითადად აზერბაიჯანული ბოსტნეული და მწვანილეული გადის რუსეთის ბაზრებზე. საბჭოთა იმპერიის დაშლის დროიდან მოსკოვის ბაზრებზე აზერბაიჯანულ ბოსტნეულს დომინანტური მდგომარეობა უკავია.  

შექმნილია მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო ფონდი, რომელმაც 2018 წლის დასაწყისიდან გასცა შეღავათიანი კრედიტები 18 მლნ მანათის ოდენობით. 2017 წელს ამ ფონდმა გასცა შეღავათიანი კრედიტები  146 მლნ მანათის ოდენობით.  გადაიდგა ნაბიჯები ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მოდერნიზაციის მიმართულებით, რათა შემცირდეს ენერგორესურსების წილი ეკონომიკაში და თანაბრად განვითარდეს სხვა დარგები. 2013 წლის მონაცემებით ქვეყანაში საშუალო ყოველთვიური ჯამაგირი შეადგენდა $ 500-ს, ხოლო საშუალო პენსია – $ 200-ს.  აქვე უთუოდ აღსამიშნავია ისიც, რომ დაიწყო იმ ანაბრების დაბრუნება, რომელიც ხალხმა დაკარგა საბჭოთა იმპერიის დაშლის დროს. სიღარიბის დონე ამავე პერიოდის მონაცემების თანახმად, შემცირდა 49 %-დან 6 %-მდე. ხოლო უმუშევრობა  5, 2 %-მდე. 2018 წლის 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სოციალური დახმარების თანხის გაზრდის შესახებ. 2018 წლის 1 მარტიდან სოციალური შემწეობა 10 %-ით გაიზრდება, ადრინდელ, 2013 წლის დადგენილ შემწეობასთან შედარებით. ამა წლის 22 თებერვალს ცნობილი გახდა ილჰამ ალიევის ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც 1 მარტიდან გაიზრდება  პერსონალური საპრეზიდენტო სტიპენდია და მისი ოდენობა გახდება 1450 მანათი. დახმარებას ასევე მიიღებენ რესპუბლიკის სახალხო არტისტები და დამსახურებული მოღვაწენი. 

            მანქანათმშენებლობა ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის  1/5-ს შეადგენს. ის ასევე მოიცავს ნავთობქიმიურ მანქანათმშენებლობას, რომელიც საბჭოთა დროიდან ვითარდებოდა. ესაა საბურღი დანადგარებისა და სხვადასხვა სანავთობო მოწყობილობების წარმოება. მეტალურგიას აზერბაიჯანში საბჭოთა დროს ჩაეყარა საფუძველი. სუმგაითის მეტალურგიული ქარხანა კარგად ცნობილია. ის აწარმოებს ნავთობსადენებისათვის საჭირო დიდი დიამეტრის მილებს. სუმგაითის მილსაგლინავი ქარხნის (შეიქმნა  1947 წ.) რეკონსტრუქცია დასრულდა 2017 წლის დეკემბერში. სუმგაითშივე მდებარეობს ალუმინის ქარხანა. აქვე რამდენიმე წლის წინათ გაიხსნა სოლარული პანელების დამამზადებელი საწარმო. აქვე იწარმოება ელექტროტექნიკური მოწყობილობები. სუმგაითი უკვე ქვეყნის ინდუსტრიული კლასტერია. ქვეყანაში არის კერამიკული ფილების დამამზადებელი საწარმოები. 2018 წლის მაისიდან აზერბაიჯანში დაიწყება ჩეხური ფირმის Tatra-ს სატვირთო ავტომანქანების აწყობა. ამის შესახებ განაცხადა ჩეხეთის ელჩმა აზერბაიჯანში ვიტზესლავ პივონკამ.  

            2008 წლის რეცესიამ აზერბაიჯანის ეკონომიკა აზარალა და შეანელა მისი ზრდა. ქვეყანა სადღეისოდაც მსოფლიოში ძირითადად  ცნობილია ენერგორესურსების ექსპორტით. ნავთობის ექსპორტმა ქვეყანას მისცა რამდენიმე მილიარდი დოლარი, რაც შემდეგ ქვეყნის წინაშე მდგარი სხვა პრობლემების გადაჭრას ხმარდებოდა. გლობალური ეკონომიკური კონიუნქტურის შეცვლამ აუცილებელი გახადა განვითარების ახალი გზების მოძიება. აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი, აშშ, რუსეთი, თურქეთი,ირანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა, საქართველო.  

            ეკონომისტმა აღა-ქერიმ ჰაჯიევმა 2013 წელს გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია პოსტკრიზისულ პერიოდზე:  Ага-Керим Гусейн оглы Гаджиев. Особенности политики экономического роста Азербайджана в посткризисный период (https://cyberleninka.ru/article/n/osobennosti-politiki-ekonomicheskogo-rosta-azerbaydzhana-v-postkrizisnyy-period ). ავტორი აქ აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ყოველ წელს აღინიშნება არასანავთობო სექტორის ზრდის ტენდენცია და ასევე იზრდება აზერბაიჯანის საინვესტიციო ექსპორტიც. აქვე აღნიშნულია ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებაზე აზერბაიჯანში.   

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო ინტენსიური ხდება. 2018 წლის 16 თებერვალს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს. საუბარი იყო ეკონომიკური თანამშრომლობის პესპექტივებზე და აღინიშნა, რომ 2017 წელს ორ ქვეყანას შორის საქონლის ბრუნვა გაიზარდა 17 %-ით, ექსპორტი კი 13 %-ით.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორივე ქვეყნისათვის დიდად მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები დამყარდა.  1998 წლის 29 ოქტომბერს ხელი მოეწერა  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას. 2005 წელს დაიწყო ნავთობის ტრანსპორტირება ამ მილსადენით. მანამდე აზერბაიჯანული ნავთობი საქართველოს გავლით უცხოეთში გადიოდა  სუფსის ტერმინალიდან. 2007 წელს ამოქმედდა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი.  აქვე უნდა ვახსენოთ ყარსი-ახალქალაქი-თბილისი, ბაქოს რკინიგზა. ეს რეგიონული მნიშვნელობის მაგისტრალი ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. სარკინიგზო ხაზი საზეიმოდ გაიხსნა გასული წლის ოქტომბერში.   

იმედია, რომ აზერბაიჯანი მიაღწევს დასახული ეკონომიკური სტრატეგიის განხორციელებას, დაძლევს ეკონომიკის დამოკიდებულებას ნახშირწყალბადებზე,  შექმნის დასავლური ტიპის ღია ეკონომიკას,  რაც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, რომლის ლიდერიც უკვე არის აზერბაიჯანი. 

                               თებ. 2018

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s