ღია წერილი გულბაათ რცხილაძეს


ძვირფასო მეგობარო გულბაათ! გულზე დიდი დარდი მაწევს და მინდა საჯაროდ გამოვთქვა არა მხოლოდ ქართული ევრაზიელობის, არამედ ქართველთა სამდურავი სიტყვა. ახლა ბევრი ეჩემება ევრაზიელობას. ბევრ მათგანს წარმოდგენა არ აქვს, ეს რა არის. არასოდეს არ წაუკითხავს რომელიმე ევრაზიელი თეორეტიკოსის ნაწყვეტი მაინც. ევრაზიელობა მათ ასე წარმოუდგენიათ – აღარ გვინდა ამერიკა, გვინდა რუსეთი. ამის იქით მათი გონება ვერ მიდის და ვერც ვერასოდეს წავა. რომც ასწავლო, არ მოგისმენენ. უჯიათნი და ჯიბრიანნი არიან.

ევრაზიელობის დაცვა საქართველოში ნონკონფორმიზმის ყველაზე კონტრასტული გამოხატულება იყო 1993 წლიდან. ჩემის დაკვირვებით, საქართველოს აკადემიურ წრეებში დღემდე არავინაა ევრაზიანიზმის თეორიისა და მისი ისტორიის მცირედ მცოდნე მაინც. ქართველ ისტორიკოსთაგან და ფილოსოფოსთაგან მხოლოდ ყურმოკვრით თუ იცის თითო-ოროლამ ლევ ნიკოლაევიჩ გუმილიოვის ეთნოგენეზის თეორია. არც ძველი და ახალი რუსი ევრაზიელების ნაშრომებს იცნობენ. წლები ისე გავიდა, რომ იგნორირებული იყო ბევრი რამ და ყველაფერი დაიყვანებოდა ლიბერალიზმის აპოლოგიაზე.  ისტორიკოსებს არასოდეს განუხილავთ იმპერიის საკითხი. ჯერ შევარდნაძის დროს, შემდეგ სააკაშვილის დროს საქართველოს აკადემიური წრეები იყვნენ კონფორმიზმის ჭაობში. სამეცნიერო ეთოსსა და მეცნიერული კვლევის პრინციპულობაზე საუბარი საქართველოში სასაცილო იყო. ქართულმა ჰუმანიტარისტიკამ ვერაფერი შექმნა დამოუკიდებლად. ის ორ ათეულ წელზე მეტი მხოლოდ იმეორებდა დასავლურ შაბლონებს და ეპიგონობით მოჰქონდა თავი. 25 წელი ლიბერალიზმის ჭეშმარიტებას იმტკიცებოდნენ და სადღეისოდ ჩამოიქცა ეს სისტემა. აღმოჩნდა, რომ ამდენი წელი საქართველო ილუზიებს დასდევდა.

აი ამ კონფორმიზმისა და დასავლეთის აპოლოგიის ჟამს ვიცავდი ჩემს ევრაზიულ კრედოს. ვიცოდი, რომ საბჭოთა სისტემის კრახის შემდეგ უფრო მცირე დროში ლიბერალ-კაპიტალიზმის კოლაფსი დადგებოდა. იდეის გამო უარი ვთქვი კარიერაზე. სისხლი ჩავაქციე იმ საქმეს, რომ საქართველოს ჰქონოდა ორიგინალური ფილოსოფიური და და ლიტერატურული ტექსტები. ევრაზიელობა არაა რუსეთის ქება, როგორც ბევრს ჰგონია. ამ თეორიის ფესვები ბიზანტიაშია. იმპერიის იდეა კი არაა ჩამორჩენილი რუსული მენტალობის გამოხატულება. ესაა ბიბლიური იდეა და ჭეშმარიტი რჯულის მოჩემე საქართველოში ეს დღემდე არ ესმით.

როდესაც მეცნიერი საგულისხმოს ამბობს, მას უსმენენ. მის განაკვალში დგებიან და თავადაც ცდილობენ, რომ იყვნენ გამგრძელებლები და ინტერპრეტატორები. ასეა ყველგან. საქართველოში ეს შეუძლებელია ქართველთა მეტისმეტი გულშავობისა და შურიანობის გამო. ამდენი მარცხისა და ბითურობის შემდეგ ქართველს არ გასჩენია მისწრაფება, რომ სხვაზე მიხედვის გარეშე რაღაც შეექმნა და დაედგინა. ის დარჩა მცონარა ეპიგონად და სიმდარის აპოლოგეტად.

ვცდილობდი ქართული ევრაზიელობის თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბებას. ვიმედოვნებდი, რომ შეიქმნებოდა თანამოაზრეთა მცირე დასი მაინც. 2008 წლის რეცესიის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ლიბერალ-კაპიტალიზმი ძველებურად ვეღარ გააგრძელებდა. ქართველმა ყურიც არ შეიბერტყა ამის გამო. ის ისევ უცხოეთიდან მოელის შაბლონების მოწოდებას. დონალდ ტრამპის მოსვლამ აშშ-ში დაგვანახა, რომ ლიბერალიზმის მარცხი გაგრძელდა და გამიზეზდა. საქართველოში ამის შემდეგ წესით უნდა მომხდარიყო თანამოაზრეთა შეკრება, ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა 2008 წლის რეცესიის შემდეგ. წლები გადის მცონარებასა და თავმოთნეობაში. მხოლოდ ეს შეუძლიათ, რომ სათითაოდ დაიარებიან ტელევიზიებში და ბრძნობენ ან ინტერვიუებს არიგებენ გაზეთებში. შეიქმნა ანტილიბერალური ჯგუფი, სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი. არიან ქართველი  წარმართები, ნეონაცისტები, ტამპლიერები, სატანისტები და სხვ. ინტელექტუალურ ასპარეზზე კი ისევ ხრიოკია. ქართული ფესვისა, ქართული ფუძისა ვერაფერი იქმნება. პამფლეტურია და ზერელე ყველაფერი ქართული.

გულბაათ, ვინაა საქართველოში ჭეშმარიტი ევრაზიელი?  როგორ შეიძლება ერთ იდეურ პლატფორმაზე მდგომი ადამიანები ერთმანეთს არ ეძებდნენ? ერთურთს არ ეკარებიან. მხოლოდ თავისი თავის გამოჩენისათვის ზრუნავენ. ის ბიზნესმენები, რომელნიც ევრაზიელობენ, არასოდეს თეთრს არ გაიღებენ კვლევითი პროექტის ან სამეცნიერო ნაშრომის დასაფინანსებლად. ყველა თავისთვისაა და სულ ეს არის. არ აფიქრებთ იდეური პლატფორმის გაძლიერება და სრულყოფა.

როდესაც ვუხმობდი თანამოაზრეებს, ბრალი დამდეს პატივმოყვარეობაში, სახელის ძიებაში. თურმე ჩემს აზრს სხვებს თავს ვახვევდი. ასე უკუღმართადაა ყველაფერი საქართველოში. ინტელექტუალური რანჟირება საქართველოში წარმოუდგენელია. რომ აღარ იცოდნენ რა სიგლახე ეთქვათ ჩემზე, მომწერეს, რომ ჩემი იგავები კრემლიდან მიკარნახა პუტინმა. თურმე ჩემი ბლოგი მოსკოვიდან ფინანსდება. როცა იდიოტობას აქვს ქრონიკული სახე, იქ აზრი ეკარგება ყველაფერს. ვიცი, რამდენიმე ძველი ზვიადისტი, რომელნიც ახლა გახდნენ ევრაზიელები. გამოდიან ფეისბუკში და ამერიკას აგინებენ. ზოგმა მათგანმა ჩემი ნაშრომების ამონარიდები თავის პოსტებად გაასაღა. არც მათ ეროვნულობას ჰქონია ერთი მარჩილის ფასი და არც არაფერი მათ ევრაზიელობაზე ითქმის. რაც ღმერთს არ უქნია, ის გინდ ევრაზიელი იყოს და გინდ მედასავლეთე.

გულბაათ, ჩვენ ორნი ვიყავით ის ევრაზიელები, ვისაც სამეცნიერო ბაზისი გააჩნდა და არგუმენტაციის დასაბუთება შეეძლო. ჩვენ არ გვივლია მეხილეებთან, პენსიონერებთან და არ დაგვიწყია მათ წინაშე რუსეთის ქება, როგორც ეს გააკეთეს ევრაზიელობის მოჩემე მატყუარებმა, პარლამენტში გაკვეხების მიზნით. ჩვენ ვცდილობდით იდეური ბალავარის ამოყვანას, რაზეც დაეფუძნებოდა სამერმისო კეთილი ურთიერთობანი საქართველოსა და რუსეთს შორის. მაგრამ საქმე ისაა, რომ კრემლის ელიტარები და ასევე რუსი ევრაზიელები ოქროს ურდოს ხანებივით იქცევიან. მათზე დავწერე ორი კრიტიკული წერილი გაზეთ «Завтра»-ს ბლოგში (Россия после Путина (14 сент. 2016); О банкротстве и лжи русского евразийства (4 марта, 2017)).  ევრაზიელობა არის ბიბლიიდან ამოსული უნივერსული იდეა და ვეწინააღმდეგები იმას, რომ რუსებმა ეს იდეა რუსული შოვინიზმის საფარველად აქციონ.

გულბაათ, ყველაფერი დამეკარგა საქართველოში. ვის რად უნდა ან ჩემი იდეურობა, ან ჩემი არგუმენტაცია საქართველოდ წოდებულ ჭაობში? არ მწამს ქართველი ხალხის შემოქმედებითი ძალისა და ისტორიული პერსპექტივისა. ქართველობას სურს ილუზიები და არა სიმართლე. აქ გინდ ამერიკელმა იბატონოს, გინდ რუსმა, გინდ მარსიანელმა, ასპარეზი ბოლოს ისევ ნაბიჭვარსა და ავაზაკს დარჩებათ. მე ჩამოვშორდი ევრაზიულ იდეას. ეს არ ნიშნავს, რომ ლიბერალი და მედასავლეთე გავხდები. როცა ირგვლივ ამდენი იდიოტობა და შლეგობაა, წყლის ნაყვად იქცევა ყოველი დასაბუთებული მსჯელობა. ჩემი სახელი არ ახსენოს ვინმემ!

5 მარტი, 2017 წ.

დატოვე კომენტარი